უსაფრთხოება და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაუცველი ბავშვებისათვის
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მასიურად სარგებლობენ ინტერნეტით (3 ინტერნეტმომხმარებლიდან 1 ბავშვია მსოფლიო მასშტაბით), ძალიან ცოტა რამ კეთდება ციფრულ სამყაროში არსებული საფრთხეებისგან ბავშვების დასაცავად და უსაფრთხო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ გაეროს ბავშვთა ფონდის მთავარ წლიურ ანგარიშში.
მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2017: ‘ბავშვები ციფრულ სამყაროში’ წარმოადგენეს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოდგენილ პირველ სრულყოფილ მიმოხილვას, რომელშიც სხვადასხვა ჭრილშია განხილული ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ბავშვების ცხოვრებაზე და მომავლის პერსპექტივებზე, განსაზღვრულია საფრთხეები და შესაძლებლობები. ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობები და კერძო სექტორი ჩამორჩებიან ცვლილებების ტემპს, შედეგად კი მატულობს ბავშვებისთვის ახალი რისკებისა და ზიანის საფრთხე, მილიონობით დაუცველი ბავშვი კი სრულიად უგულვებელყოფილი რჩება.
„სასიკეთოდაც და საზიანოდაც, ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა“ – ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი ლეიკი. „ციფრულ სამყაროში ჩვენ ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – შევამსუბუქოთ ზიანი და ამავდროულად მაქსიმალურად სასარგებლო გავხადოთ ინტერნეტი ყოველი ბავშვისთვის.“
ანგარიშში შესწავლილია შესაძლებლობები, რომელთა შეთავაზებაც შეუძლია ციფრულ ტექნოლოგიებს ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის, მათ შორის იმათთვის, ვინც იზრდება სიღარიბეში თუ არის ჰუმანიტარული კატასტროფის მსხვერპლი. ეს გულისხმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებას და ბავშვების უზრუნველყოფას სათანადო პლატფორმით, რათა მათ მოახერხონ საკუთარი შეხედულებების გაზიარება.
ანგარიში ასევე ცხადყოფს, რომ ბევრი ბავშვი ინტერნეტს მიღმაა დარჩენილი. მსოფლიო ახალგაზრდობის დაახლოებით ერთი მესამედი – 346 მილიონი, არ სარგებლობს ინტერნეტით, რაც ამძაფრებს უთანასწორობას და ზღუდავს ბავშვების შესაძლებლობას მიიღონ მონაწილეობა მზარდ ციფრულ ეკონომიკაში.
ანგარიში ასევე სწავლობს, თუ რამდენად ზრდის ინტერნეტი რისკისა და ზიანის საფრთხეს ბავშვებისთვის, მათ შორის პირადი ინფორმაციის ბოროტად გამოყენების, საზიანო შინაარსის შემცევლი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და კიბერბულინგის თვალსაზრისით.
მობილური მოწყობილობების საყოველთაო გავრცელებამ განაპირობა ის, რომ მეტ ბავშვს აქვს შესაძლებლობა თავისუფლად ისარგებლოს ინტერნეტით უფროსების კონტროლის გარშე და შესაბამისად, პოტენციურად უფრო დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდეს.
ციფრული ქსელები, როგორიცაა Dark Web და ასევე ვირტუალური ფული ხელს უწყობს ექსპლუატაციის და ძალადობის უკიდურესი ფორმების არსებობას, მათ შორის ტრეფიკინგს და ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას ინტერნეტის გამოყენებით.
ანგარიშში გაანალიზებულია მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ ბავშვები ინტერნეტს და რა გავლენას ახდენს მათ კეთილდღეობაზე ციფრული ტექნოლოგიები. ანგარიში ასევე ეხება ციფრულ ტექნოლოგიებზე „დამოკიდებულების“ აქტუალურ საკითხს და მიმოიხილავს ეკრანთან გატარებული დროის შესაძლო გავლენას ბავშვის გონებრივ განვითარებაზე.
ანგარიშში მოცემულ სხვა ფაქტებს შორის აღსანიშნავია:
· ახალგაზრდები ყველაზე დაკავშირებულ ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენენ. მსოფლიო მასშტაბით ახალგაზრდების 71 პროცენტი ჩართულია ინტერნეტში, მაშინ როცა მსოფლიოს მთლიანი მოსახლეობის 48 პროცენტი სარგებლობს ინტერნეტით;
· აფრიკელი ახალგაზრდები ყველაზე ნაკლებად არიან დაკავშირებული ინტერნეტთან, 5-დან 3 ახალგაზრდა არ სარგებლობს ინტერნეტით, მაშინ როცა ევროპაში ეს მარჩვენებელი 25-დან 1-ს შეადგენს;
· არსებული ინტერნეტ გვერდების დაახლოებით 56 პროცენტი ინგლისურ ენაზეა და ბევრ ბავშვს არ ესმის ასეთ გვერდებზე მოცემული ინფორმაციის შინაარსი ან ასეთი ინფორმაცია შეუსაბამოა მათი კულტურული გარემოსთვის;
· ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის შემცველი 10 ინტერნეტ გევრდიდან 9-ზე მეტი განთავსებულია 5 ქვეყანაში – კანადა, საფრანგეთი, ჰოლანდია, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
მხოლოდ მთავრობის, კერძო სექტორის, ბავშვთა ორგანიზაციების, აკადემიური საზოგადოების, ოჯახებისა და თავად ბავშვების ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი ციფრული თამაშების სფეროს დაბალანსება და იმის უზრუნველყოფა, რომ ინტერნეტი გახდეს უსაფრთხო და ბავშვებისთვის უფრო ხელმისაწვდომი, ნათქვამია ანგარიშში.
ბავშვთა დაცვისათვის უფრო ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისა და მეტი პასუხიმგებლობის შემცველი ბიზნეს პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით შემუშავებული პრაქტიკული რეკომენდაციები მოიცავს:
· ყველა ბავშვის უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის ინტერნეტ რესურსებით;
· ბავშვების დაცვა ზიანისგან ინტერნეტში, მათ შორის ძალადობისგან, ექსპლუატაციისგან, ტრეფიკინგისგან, კიბერბულინგისგან და ბავშვებისთვის შეუფერებელ ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომისგან;
· ბავშვების პირადი მონაცემების და ვინაობის დაცვა ინტერნეტში;
· ციფრული განათლების უზრუნველყოფა, ბავშვების ინფორმირება, ჩართულობა და უსაფრთხოება;
· კერძო სექტორის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება ეთიკური სტანდარტებისა და პრაქტიკის დასახვეწად და ინტერნეტში ბავშვების უსაფრთხოების და მათი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად;
· ციფრული პოლიტიკის გატარება ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებით.
“ინტერნეტი ზრდასრულებისთვის შეიქმნა, მაგრამ მას სულ უფრო მეტი ბავშვი და ახალგაზრდა იყენებს და ციფრული ტექნოლოგიების გავლენა მათ ცხოვრებასა და მომავალზე დღითი დღე იზრდება. ამიტომ, ციფრული პოლიტიკა, პრაქტიკა და პროდუქცია უკეთ უნდა ესადაგებოდეს ბავშვების საჭიროებებს, ასახავდეს მათ პერსპექტივებსა და მათ სათქმელს, ამბობს ენტონი ლეიკი.
წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდი
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ციფრულ ბარიერებზე და აანალიზებს ინტერნეტისა და სოციალური მედიის ბავშვების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე გავლენის საკამათო საკითხს
UNICEF-ის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: www.unicef.ge
წყალქვეშა კაბელები
01.04.2024
ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი
22.03.2024