როგორ შეუძლიათ სოფლებს მინიმალური თანხით უფასო ინტერნეტი ჩართონ
თამარ ნერგაძე, გაზეთი “ბათუმელები”
საყოველთაო ინტერნეტიზაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხანაში, არის მცირედდასახლებული სოფლები და დაბები, სადაც მსხვილი პროვაიდერები არ შედიან კომერციულად არახელსაყრელი პერსპექტივის გამო.
საქართველოში არაერთი ასეთი დაბა და სოფელია, სადაც მცირერიცხოვან მოსახლეობას, გარდა იმისა, რომ გეოგრაფიულადაც მოწყვეტილია ცენტრს, არ აქვს წვდომა ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.
ახალი ინტერნეტტექნოლოგიის დახმარებით გაუშვეს უფასო ინტერნეტის ქსელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ცენტრში. ამიერიდან მოსახლეობა და ტურისტები უსადენო Wi-FI სერვისით ისარგებლებენ.
“ნინოწმინდის ინტერნეტიზაციის ტექნოლოგია ამჯერად უფრო ინოვაციური გამოვიდა, ვიდრე 2017 წელს თუშეთის ინტერნეტიზაციის პროცესში იყო გამოყენებული.
ახალი პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ცალკეული სოფელი კი არ ერთვება ქსელში, არამედ მთლიანად რეგიონი იფარება ინტერნეტქსელით. თითქმის იგივე ეფექტია, რაც მობილური ოპერატორების დაფარვის ქსელი, ოღონდ საუბარია Wi-Fi-ზე”, – ამბობს პროექტის ავტორი, კონსტანტინ სტალინსკი.
პროექტის ინიციატორი საქართველოს პირველი სათემო მაუწყებელი – რადიო “ნორია”. უფასო ინტერნეტსერვისის მომსახურება მათივე ტექნიკური ჯგუფის მიერ ხორციელდება. რადიო “ნორის” დირექტორის, არარატ თთთიანის აზრით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის:
“სოფლების ინტერნეტიზაციის პროცესს მეტ-ნაკლებად ადგილობრივი ინტერნეტპროვაიდერებიც ახერხებენ. მართალია, პროცესი ნელა მიმდინარეობს, მაგრამ გარკვეული შედეგი სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ სოფელში უკვე არის. აქ მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ნორმალური კომუნიკაციების გარეშე წარმოუდგენელია”.
ნინოწმინდის პროექტის ამოქმედება ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ამჯერად ინოვაციური ტექნოლოგიით ინტერნეტი მხოლოდ ნინოწმინდაშია, მაგრამ შესაძლებელია ამ არეალის გაფართოება, რისთვისაც საჭიროა ადგილობრივი მუნიციპალური ხელისუფლების მხარდაჭერა.
როგორც კონსტანტინ სტალინსკი ამბობს, მისთვის, როგორც იდეის ავტორისთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე წვდომა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული, ჩაკეტილი თემების მცხოვრებლებს ჰქონდეთ. მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის შემთხვევაში ეს შესაძლოა არც ისე შორი პერსპექტივა იყოს.
წყალქვეშა კაბელები
01.04.2024
ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი
22.03.2024