CCTLD-ის საკონსულტაციო საბჭოს რიგით მეორე სხდომა

CCTLD-ის საკონსულტაციო საბჭოს რიგით მეორე სხდომა

2023 წლის 21 სექტემბერს, 13:00 საათზე ჩატარდა CCTLD-ის საკონსულტაციო საბჭოს რიგით მეორე სხდომა. 

საკონსულტაციო საბჭო წარმოადგენს “ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს“ (ISOC) და “კავკასუს ონლაინს“ შორის გაფორმებული მემორანდუმით შექმნილ “საკონსულტაციო საბჭოს”, რომელშიც დაბალანსებულად წარმოდგენილნი არიან შემდეგი პირები:

  • რეგისტრატორები;
  • ინტერნეტ სერვისის, ვებ-ჰოსტინგის და სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურების პროვაიდერები;
  • სახელმწიფო ორგანოები;
  • Საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
  • მომხმარებელთა უფლებების დამცველები.

 

სხდომაზე განხილული საკითხები:

სტატისტიკური მონაცემები – სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მიზანია სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება მიმდინარე პროცესებზე. მონაცემებზე მუდმივი დაკვირვება რეგისტრატორებს დაეხმარება სტრატეგიული მიზნების შემუშავებაში, ასევე ხელს შეუწყობს ახალი ინიციატივებისა და შეთავაზებების ანალიტიკას.

 

სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლება – სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია, ადმინისტრატორს მიეცეს შესაძლებლობა სწრაფად და ეფექტურად განახორციელოს ტექნიკური განახლებების რეალიზება, დანერგოს ccTLD-ებისთვის საჭირო უსაფრთხოების სისტემები (მაგ. DNSSEC) და აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი.

 

დომენის შეთავაზების სისტემა – დომენური სახელების სხვადასხვა ვარიაციების შეთავაზება, ერთის მხრივ, ეხმარება რეგისტრანტს შეარჩიოს სასურველი დომენური სახელი და ეძლევა შესაძლებლობა, ერთი სახელის ნაცვლად დაარეგისტრიროს რამდენიმე სახელი, ან მისი სინონიმი.
მეორეს მხრივ, დომენური სახელის ვარიაციების შეთავაზება ხელს უწყობს .GE ზონის პოტენციურ ზრდას. შეთავაზების ამგვარი სისტემა აპრობირებულია საერთაშორისო ccTLD-ებში. შეთავაზების სისტემის ამუშავება ხელს შეუწყობს ისეთი სამეცნიერო მოდულის დანერგვას, როგორიც არის “ბუნებრივი ენის დამუშავება” (Natural Language Processing NLP), რაც გულისხმობს ქართული ენის ტრანსლიტერირებული ფორმების სრულ გაციფრულებას.

 

 .gov.ge – სამთავრობო სტრუქტურებისთვის განკუთვნილი ზონის ფუნქციონირება .ge ზონის წესებისა და რეგულაციების მიხედვით, რათა განხორციელდეს სამთავრობო ვებ გვერდების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება.

 

სერვისი საჯარო რეესტრთან – იურიდიული სუბიექტის/სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციის პროცესში სავალდებულოდ შესავსებ აპლიკაციას დაემატოს ველი “მსურს დომენური სახელის რეგისტრაცია”. 

დაინტერესებული სუბიექტის მხრიდან აღნიშნული ველის მონიშვნის შემთხვევაში, მას გაეგზავნება ავტომატური მესიჯი www.nic.ge პლატფორმაზე განთავსებული ყველა აკრედიტირებული რეგისტრატორის ჩამონათვალით და დომენის რეგისტრაციის წესების მოკლე ინსტრუქციით, რაც გამოიწვევს .ge ზონის პოპულარიზაციას.

 

რეგისტრატორის შერჩევის კრიტერიუმები – სამუშაო პრაქტიკამ ცხადყო, რომ ხშირია დაინტერესება ისეთი კომპანიების მხრიდან, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ დროულად იურიდიული დოკუმენტებისა თუ ტექნიკური სამუშაოების წარმოებას. ადმინისტრატორს უწევს განუსაზღვრელი ვადით მუშაობა კანდიდატთან. 

შესაბამისად, საკითხი დაისვა იმის თაობაზე, საჭიროა თუ არა რეგისტრატორობის მსურველი კომპანიების შერჩევის კრიტერიუმების გამკაცრება.

 

საავტორო უფლებების დარღვევით ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული კონტენტი და მასთან დაკავშირებით ვებ-მისამართების დაპაუზების არსებული პრაქტიკა.