ინტერნეტ საზოგადოებამ მიიღო ცვლილებები საწევრო გადასახადისა და ორგანიზაციული სტრუქტურის თაობაზე

ინტერნეტ საზოგადოებამ მიიღო ცვლილებები საწევრო გადასახადისა და ორგანიზაციული სტრუქტურის თაობაზე

2022 წლის 18-21 იანვარს ინტერნეტ საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობამ ჩაატარა ონლაინ კენჭისყრა შემდეგ საკითხებზე:

ინტერნეტ-საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა უნდა იყოს

  • რეგისტრირებული კავშირი – ა(ა)იპ;
  • არარეგისტრირებული კავშირი.

ინტერნეტ-საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობას

  • უნდა ჰქონდეს საწევრო გადასახადი წელიწადში 10 ლარის ოდენობით;
  • არ უნდა ჰქონდეს საწევრო გადასახადი.

ხმათა უმრავლებოსით, კენჭისყრის შედეგების თანახმად, გადაწყდა, რომ ინტერნეტ საზოგადოება საქართველოს წარმომადგენლობა უნდა დარეგისტრირდეს არასამთავრობო ორგანიზაციად [ა(ა)იპ] და დაწესდეს საწევრო გადასახადი წელიწადში 10 ლარის ოდენობით.

კენჭისყრის შედეგები

კენჭისყრაზე დაშვებული წევრების ოდენობა – 77, მონაწილეობა მიიღო – 73%, 56 მონაწილე. ქვორუმი საკმარისია გადაწყვეტიელბის მისაღებად.

დღის წესრიგის პირველი საკითხი, ინტერნეტ საზოგადოების წარმომადგენლობის სტატუსი – 56 მონაწილე:

  1. რეგისტრირებული კავშირის მომხრე – 86%, 48 მონაწილე;
  2. არარეგისტრირებული კავშირის მომხრე – 14%, 8 მონაწილე

დღის წესრიგის პირველი საკითხი, საწევრო გადასახადის დაწესება – 56 მონაწილე:

  1. მომხრე – 75%, 42 მონაწილე
  2. წინააღმდეგი – 25%, 14 მონაწილე

ორივე საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი წესდებით დადგენილი ხმათა ოდენობებით. 

განმარტებითი ბარათი

საზოგადოების იმ წევრებისთვის, ვინც ვერ შეძლო საერთო კრებაზე დასწრება, რომელზეც მოვისმინეთ მოხსენება რეგისტრირებული/არარეგისტრირებული კავშირისა და საწევრო გადასახადის დაწესების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

რეგისტრირებული/არარეგისტრირებული კავშირის დადებითი და უარყოფითი მხარეები

  1. ა(ა)იპ-ის ფინანსური პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის განისაზღვრება მხოლოდ მისი ქონებით და არა დამფუძნებელთა ან წევრების ქონებით. არარეგისტრირებული კავშირის შემთხვევაში კი საპირისპიროდ არის, ვალდებულების შეუსრულებლობა მისი წევრებისთვის პირადი, საკუთარი ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.
  1. მესამე პირებთან ურთიერთობისას, ა(ა)იპ-ის შემთხვევაში დირექტორის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში მარტივად გადამოწმებადია, რაც მესამე პირებთან ურთიერთობისას მეტად სანდოობასა და გამჭირვალობას ადასტურებს. არარეგისტრირებული კავშირის დირექტორს მისი უფლებამოსილების დასადასტურებლად მოუწევს მატერიალური სახით იქონიოს თან საერთო კრების გადაწყვეტილება (კრების ოქმი). აღსანიშნავია, რომ იმის გადამოწმება, რომ ეს მართლაც უკანასკნელი სათანადო ოქმია, პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც არარეგისტრირებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის თვალსაზრისით ნდობას ამცირებს.
  1. ა(ა)იპ აღრიცხულია საჯარო რეესტრში, სადაც თვალსაჩინოა მისი წესდება, წევრები და დირექტორები ყველა მესამე პირისთვის. აღნიშნული ასევე ადასტურებს ა(ა)იპ-ის ფუნქციონირებას და იმ შემთხვევაში, თუ მისი წევრები ორგანიზაციის ლიკვიდაციას გადაწყვეტენ, ა(ა)იპ-ის გამჭირვალობიდან გამომდინარე ამ პროცესის თაობაზე საქმის კურსში იქნება ყველა მესამე პირი, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობაშია ორგანიზაციასთან, განსხვავებით არარეგისტირებული კავშირისგან, სადაც ნებისმიერი ცვლილება არსად იქნება ასახული.
  1. არარეგისტირებული კავშირის საფირმო სახელწოდებას უნდა ჰქონდეს დამატება „არარეგისტრირებული კავშირი“. ეს აუცილებელია, რათა შეცდომაში არ შევიდნენ ის პირები, ვისაც ამ კავშირთან აქვთ ურთიერთობა.
  1. საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 თავის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა კერძო სამართლის იურიდიულ პირში. ინტერნეტ-საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის თანამდებობის პირებს წარმოადგენენ აღმასრულებელის საბჭოს წევრები, შესაბამისად, რეგისტრირებული კავშირის შემთხვევაში, საჯარო მოხელეები ვერ იქნებიან აღმასრულებელი საბჭოს წევრები, თუმცა შეუძლიათ იყვნენ საზოგადოების წევრები. არარეგისტრირებული კავშირის შემთხვევაში ასეთი შეზღუდვა არ არის და საჯარო მოხელეებს საშუალება ექნებათ არჩეულ იქნენ აღმასრულებელი საბჭოს წევრებად.

საწევრო გადასახადის დაწესების შესახებ

საწევრო გადასახადთან მიმართებაში საერთო კრებაზე გამოიკვეთა ორი განსხვავებული მოსაზრება:

  1. საზოგადოების წევრთა ნაწილი მხოლოდ ფორმალურად არის მისი წევრი და არ ესწრება საერთო კრებებს, რაც ნეგატიურად ისახება საზოგადოების გადაწყვეტუნარიანობაზე. მაგალითად, უკანასკნელ ორ 2 კრებაზე არ იყო საკმარისი ქვორუმი წესდებაში ცვლილებების შესატანად. ნომინალური ყოველწლიური საწევრო გადასახადის დაწესება 10 ლარის ოდენობით (თვეში 83 თეთრი) გამოავლენს, თუ ვის სურს რეალურად საზოგადოების წევრობა.
  1. საწევრო გადასახადი არ უნდა იყოს წევრობის ინდიკატორი. შესაძლებელია წევრი მხოლოდ არჩევნებში იღებდეს მონაწილეობას და ამ სახით მონაწილეობდეს საზოგადოების საქმიანობაში. ასევე, შეიძლება წევრი იყოს აქტიური და არ იხდიდეს გადასახადს, რაც არ უნდა გახდეს წევრობის შეჩერების საფუძველი.