კონკურსი “ციფრული წიგნიერების სკოლის” ლექტორები

კონკურსი “ციფრული წიგნიერების სკოლის” ლექტორები

ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატური ჯგუფი აცხადებს კონკურსს ციფრული წიგნიერების სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://isoc.ge/1924/ 

“ციფრული წიგნიერების სკოლაში” ლექციებს გაუძღვებიან შემდეგი მოწვეული ლექტორები:

📣 ქეთევან კუკავა „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის“ დამფუძნებელი და „ინტერნეტ საზოგადოება საქართველოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელია. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია და ციფრულ ეპოქაში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს.
Keti Kukava თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხს ფლობს. მას ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებების პოლიტიკასა და პრაქტიკაში ერთობლივად გაცემული სამი პარტნიორი უნივერსიტეტის – როეჰამპტონის, გოტენბურგის და ტრომსოს უნივერსიტეტის მიერ. ქეთის სხვადასხვა სექტორში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს.

📣 ჯუბო ბერიძიშვილი ფორსეტში ინფორმაციული წიგნიერების პროექტებს ხელმძღვანელობს. ის დეზინფორმაციას მონაცემებზე და კრეატივზე დაფუძნებული მეთოდებით ებრძვის – ინტერაქციული გამოფენებით, კვლევის ვებ პლატფორმებით, ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო კურსებით და მონაცემთა ფესტივალ DataFest Tbilisi-ზე დეზინფორმაციის როლის წინ წამოწევით.
მისი აზრით, დეზინფორმაცია იმიტომ მუშაობს შედეგიანად, რომ მას აუდიტორია ჰყავს. ამიტომ, აუდიტორიის განათლება დეზინფორმაციის დამარცხების ყველაზე ეფექტიანი მეთოდია. ფორსეტამდე ჯუბო ISFED-ში დეზინფორმაციული კამპანიების ანალიზზე მუშაობდა.
მას ეკუთვნის კვლევა “ტიკტოკი – პროპაგანდის ახალი ეკოსისტემა”. აღნიშნული კვლევა ქვეყანაში ტიკტოკის დეზინფორმაციული და მანიპულაციური ოპერაციების შესასწავლად პირველი მცდელობა იყო. Jubo Beridzishvili შვედური ინსტიტუტის ალუმნია და ფლობს მალმოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის ხარისხს გლობალურ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცვლილებებში.

📣 მარიკა სიხარულიძე მრავალი წელი მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში; არის ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის არაერთი თაობის გამოცემის თანაავტორი; ბოლოს ხელმძღვანელობდა ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის პროგრამას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
მარიკა წარმოადგენს ევროპის საბჭოს ციფრული მოქალაქეობის პროგრამას საქართველოში; არის ქართული ენის დისტანციური სკოლის კონცეპციის ავტორი, რომელიც ქართულ ენას ასწავლის უცხოეთში მცხოვრებ 800-მდე ქართველ მოსწავლეს, 37 ქვეყნიდან; თანამშრომლობს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დეზინფორმაციის პრევენციის დარგში; არის არაერთი გზამკვლევის, ლექსიკონისა და სატრენინგო მოდულის ავტორი, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში Routledge გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი პუბლიკაციის – Media Literacy, Equity and Justice თანაავტორი.
ამჟამად მარიკა მუშაობს PH International-ში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ციფრული მოქალაქეობის სპეციალისტად; ასევე ასწავლის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტში. მისი კურსები ეხება ციფრული წიგნიერების, მედია და ინფორმაციული წიგნიერების, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების საკითხებს.

📣 ვლადიმერ სვანაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის (IDI)“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარეა. ის ასევე საქართველოს კიბერუსაფრთხოების აკადემიის (CSA) დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. ამავდროულად, ვლადიმერი არის კიბერ კვლევების გლობალური ფონდის (GFCYBER) უფროსი ანალიტიკოსი.
მის მიერ საქართველოში პირველად შეიქმნა ახალი სასწავლო მოდული „ინტერნეტ მმართველობა და კიბერდიპლომატია“. ვლადიმერი საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიურ ხარისხს ფლობს. მისი სადაქტორო ნაშრომი კიბერუსაფრთხოების პოლიტიკასა და მართვის სტრატეგიას ეხებოდა.
Lado Svanadze ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო განვითარების მიმართულებით. მისი თანაავტორობით შეიქმნა პირველი ქართულენოვანი წიგნი კიბერუსაფრთხოებაში “კიბერთავდაცვა: კიბერსივრცის მთავარი მოთამაშეები. პოლიტიკა, სტრატეგია და კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები, 2016”. ასევე, 2022 წელს მისი ავტორობით გამოიცა მეორე ქართულენოვანი წიგნი „კიბერსივრცის ახალი გამოწვევები და საქართველო“.

ვლადიმერი ჩართული იყო საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017 – 2018 და 2021 – 2024 წლების ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების საბოლოო ვერსიის მომზადებაში. ასევე, მონაწილეობდა „კანონში ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” ცვლილებების შეტანის პროცესსსა და ახალ კანონმდებლობაზე სამუშაო პროცესში. 2014 – 2016 წლებში კიბერუსაფრთხოების საკითხებში იყო კონსულტანტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „სსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროში“.

ვლადიმერი არის საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) “ციფრული ტრანსფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების კომიტეტის” შექმნის ინიციატორი და თავმჯდომარე. ასევე არის კიბერუსაფრთხოების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის (IFCS) ინიციატორი და ორგანიზატორი. მისი ინიციატივითა და უშუალო ორგანიზებით 2016 წელს საქართველოში ჩატარდა პირველი ქართული ინტერნეტ მმართველობის ფორუმი (GeoIGF).
ვლადიმერი მიწვეული იყო როგორც ეროვნული ექსპერტი და კონსულტანტი IFES/USAID – ის პროექტში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო სისტემის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების მდგრადობის შესაფასებლად. ის ასევე იყო ეროვნული ექსპერტი USAID – ის სხვა პროექტში საქართველოს ინტერნეტის ინფრასტრუქტურის, ფინანსური და საგანმანათლებლო სექტორების კიბერუსაფრთხოების მდგრადობის შესაფასებლად.