გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა გამართა დისკუსია ბავშვთა ციფრულ უსაფრთხოებაზე

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა გამართა დისკუსია ბავშვთა ციფრულ უსაფრთხოებაზე

12 თებერვალს, უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსია თემაზე „ბავშვთა უფლებების გაძლიერება ციფრულ სამყაროში”. ღონისძიება ჩატარდა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ევროკავშირთან ინტეგრაციის პლატფორმის ფარგლებში.

შეხვედრის ორგანიზატორები (გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი) და UNICEF საქართველო – მიზნად ისახავდნენ ციფრული ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებას ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. დისკუსიის მთავარი მიზანი იყო საქართველოში ბავშვებისთვის უფრო უსაფრთხო და ასაკთან ადაპტირებული ონლაინ გარემოს შექმნა.

შეხვედრას ესწრებოდნენ “ინტერნეტსაზოგადოება – საქართველოს” წევრები რატი სხრიტლაძე (Enagram.ai-ს დამფუძნებელი) და ინტერნეტ-მედიის სპეციალისტი კონსტანტინ სტალინსკი (ISOC Georgia-ს თანადამფუძნებელი და საბჭოს წევრი). 

შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: კერძო სექტორის მიმდინარე ინიციატივები ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპანიების როლი ციფრული გარემოს გაუმჯობესებაში და ის გამოწვევები, რომლებსაც ისინი აწყდებიან უსაფრთხო ინტერნეტის პოპულარიზაციის პროცესში.

ასევე ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რა სახის მხარდაჭერაა საჭირო კორპორატიული ჩართულობის გასაძლიერებლად ამ მიმართულებით.

ეს შეხვედრა წარმოადგენს ნაბიჯს ციფრულ სამყაროში ბავშვთა უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების გზაზე, სადაც კერძო სექტორს განსაკუთრებული როლი აკისრია.