ვებინარი “უსაფრთხო ინტერნეტი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში”

ვებინარი “უსაფრთხო ინტერნეტი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში”

12 თებერვალს საგანმანათლებლო ტექნოლოგიის გუნდმა გამართა ვებინარი – “უსაფრთხო ინტერნეტი და კიბერუსაფრთხოება AI-ის ეპოქაში”, რომელიც მასწავლებლებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს მიეძღვნა.

ვებინარის დეტალები:

  • როგორ უნდა უზრუნველვყოთ მოსწავლეთა დაცვა ონლაინ სივრცეში;
  • როგორ უნდა გამოვიყენოთ AI განათლებაში უსაფრთხოდ და ეთიკის ნორმების გათვალისწინებით;
  • რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა სკოლებმა კიბერუსაფრთხოების სტანდარტები დაიცვან?

დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, სოციალური ქსელები და ონლაინ სწავლება სულ უფრო მეტ როლს თამაშობს განათლებაში, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული წიგნიერება სასკოლო გარემოს განუყოფელი ნაწილი ხდება.

ვებინარის მთავარი თემები:

  • მოსწავლეთა ონლაინ უსაფრთხოება – როგორ დავიცვათ ისინი კიბერბულინგისგან, ფიშინგისგან და სხვა ინტერნეტ-საფრთხეებისგან;
  • AI და განათლება – როგორ უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პროცესში, თავიდან ავიცილოთ დეზინფორმაცია და შევინარჩუნოთ ეთიკური სტანდარტები;
  • სოციალური მედიის გავლენა – რა რისკები არსებობს ახალგაზრდებისთვის და როგორ უნდა მართონ მასწავლებლებმა და მშობლებმა მათი ციფრული გარემო;
  • კიბერუსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკა – როგორ უნდა დაიცვან მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და სკოლამ საკუთარი მონაცემები.

ვებინარის მომხსენებელი იყო კონსტანტინ სტალინსკი, “ინტერნეტსაზოგადოება – საქართველოს” საბჭოს წევრი და თანადამფუძნებელი. ტრენერს ინტერნეტ-მედიის და ტექნოლოგიების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მისმა პრაქტიკულმა ცოდნამ ვებინარი საინტერესო და ინტერაქტიული გახადა.

მან დეტალურად განმარტა უსაფრთხო ინტერნეტის მთავარი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, რაც მასწავლებლებისთვის სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ვებინარს მოდერაციას უწევდა ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენერი თეა მეფარიშვილი, რომელიც მუშაობს განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროში. მოდერატორმა მიმართულება მისცა მსჯელობას და უზრუნველყო, რომ მონაწილეები მაქსიმალურად ჩართულიყვნენ პროცესში.

ვებინარი საკმაოდ ინტერაქციული იყო, ხოლო მონაწილეები აქტიურად სვამდნენ შეკითხვებს და მონაწილეობდნენ დისკუსიებში. მონაწილეთა შეფასებით, პრაქტიკული ვებინარი სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან მასწავლებლებმა და ლექტორებმა მიღებული ცოდნა უკვე გამოიყენეს სასწავლო პროცესში. ზოგიერთმა მონაწილემ საკუთარ სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაგეგმა და ჩაატარა, რაც ვებინარის გავლენის პირდაპირი დასტურია.

სპიკერის მიერ გაზიარებული პრაქტიკული რჩევები დაეხმარა მასწავლებლებსა და ლექტორებს, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ონლაინ უსაფრთხოების საკითხები უფრო ეფექტურად აეხსნათ.

სამომავლო გეგმები

უსაფრთხო ინტერნეტის დღის მიზნების მხარდაჭერის ფარგლებში, საგანმანათლებლო ტექნოლოგიის გუნდი გეგმავს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და პრაქტიკული ვებინარების ორგანიზებას კონსტანტინ სტალინსკის მხარდაჭერით და აქტიური მონაწილეობით, რათა ხელი შეუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურ და უსაფრთხო გამოყენებას განათლებაში.

ინტერნეტი შეიძლება იყოს უსაფრთხო, თუ ყველა მხარე – სკოლები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები – მის გამოყენებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. სწორედ ეს იყო ამ ტრენინგის მთავარი გზავნილი.

11 თებერვალი მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხო ინტერნეტის დღედ (Safer Internet Day) არის გამოცხადებული. ეს დღე გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული გარემოს დაცვა, ონლაინ კულტურის განვითარება და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო ინტერნეტ-სივრცის უზრუნველყოფა.